ირანში აცხადებენ, რომ საზღვაო გადაზიდვების წესების დარღვევის შემთხვევაში, გემებს შეზღუდვები დაუწესდებათ, მათ შორის, ჯარიმები, შესაძლებელია დაკავება და კონფისკაცია

07:57, 24.08.2026

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების წესების დარღვევის შემთხვევაში, გემებს ჰორმუზის სრუტეში შემდგომი გადაადგილებისას შეზღუდვები დაუწესდებათ, მათ შორის, დაეკისრებათ ჯარიმები და შესაძლოა, მოხდეს მათი დაკავებაც. ასევე შესაძლებელია მათი კონფისკაცია, – ამის შესახებ ირანის სპარსეთის ყურის სრუტეების ადმინისტრაციაში განაცხადეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტვირთის დამკვეთებმა, რომლებიც სპარსეთის ყურის აკვატორიაში ან იქიდან ახორციელებენ გადაზიდვებს, გემის დაქირავებამდე შესაბამის ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ იმ გემების სია, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს არ ასრულებენ, რათა შესაძლო პრობლემებს თავი აარიდონ.

ონლაინ გვერდზე გამოქვეყნებულია იმ გემების სია, რომლებსაც თეირანი წესების დამრღვევებად მიიჩნევს.

ცნობისთვის, გამოცემა „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა საიდუმლოდ შექმნეს საზღვაო მარშრუტი ჰორმუზის სრუტეში გემების გასატარებლად, რაც დღეში მილიონობით ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.

გამოცემის ცნობით, ომანის სანაპიროსთან მდებარე სამხრეთ არხით ყოველ ღამეს 15-20 ტანკერი სარგებლობს. მათ მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გააქვთ, რაც ომამდე არსებული მოცულობის დაახლოებით ნახევარია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მიწოდებები მსოფლიო ნავთობის ბაზარზე „მნიშვნელოვან გავლენას“ ახდენს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. ის „უზარმაზარი“ სანქციებით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თეირანს მხარს უჭერს ან ირანთან ბიზნესს აწარმოებს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

მსგავსი