ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების მეთაური დააკავეს
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების მეთაური დააკავეს

ირანში განაცხადეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების მეთაური დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის დაზვერვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაკავებულია ჯამშიდ შარმაჰდი, რომელის დაჯგუფება „თონდარს“ (ჭექა-ქუხილი) უდგას სათავეში. აღნიშნული დაჯგუფება აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედებს და ირანში ტერაქტებსა და დივერსიებს აწყობს“, – ნათქვამია ირანის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის ტელევიზიას არ გაუვრცელებია ცნობა, თუ სად, როდის და რა ვითარებაში დააკავეს შარმაჰდი.

„თონდარის“ წევრებს ლიდერის დაკავება არ დაუდასტურებიათ. ამ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ორგანიზაცია „თონდარი“ ირანში მონარქიული წყობის დამკვიდრებას უჭერს მხარს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ორგანიზაციის წევრებს 2008 წლის აპრილში შირაზში ტერაქტების ორგანიზაციაში ადანაშაულებენ, რა დროსაც 14 ადამიანი მოკლეს.