ირანში 30 წლის მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს
ირანში 30 წლის მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მეჰდი ალი ჰოსეინი, რომელიც დამნაშავედ სცნეს 2015 წელს, ქუჩის ჩხუბის დროს მომხდარ მკვლელობაში.

ჰოსეინიმ ბრალი აღიარა, მაგრამ განაჩენი ძალაში დატოვეს, რადგან მსხვერპლის ოჯახი არ დათანხმდა შეწყალებას. ირანის წინააღმდეგობის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ განაჩენი სისრულეში დეზფულის ციხეში მოიყვანეს. ჰოსეინი 30 წლის იყო.

„ლაპარაკია სისხლის სამართლის საქმეზე. მეჰდი ალი ჰოსეინი რეგიონული დონის მოჭიდავე იყო, რომელიც არ მონაწილეობდა არც ეროვნულ და არც საერთაშორისო ტურნირებში. UWW კომენტარს არ გააკეთებს იქამდე, სანამ არ ექნება სიტუაციის მკაფიო სურათი“, – წერია ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს (UWW) ვებგვერდზე.

მოჭიდავის დახმარებისა და მისთვის სასჯელის შეცვლის თხოვნით გამოვიდნენ ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჰამიდ სორიანი, მსოფლიოს ჩემპიონი მუჰამად ტალაი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ალი აშქანი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, სიკვდილით დასაჯეს ჭიდაობაში ირანის ჩემპიონი ნავიდ აფქარი. 27 წლის სპორტსმენს ბრალად დასდეს 2018 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობა.