ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა. შემზღუდავი ზომები მიმართულია უპირველეს ყოვლისა, სანავთობო და საბანკო სფეროების წინააღმდეგ.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სანქციების ეს პაკეტი ყველაზე მკაცრია აქამდე ირანის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს შორის.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ირანთან ახალი შეთანხმების გასაფორმებლად. მისი თქმით, ვაშინგტონის მიზანია, თეირანი მარტივი არჩევანის წინაშე დააყენოს, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე და ამით შეწყვიტოს მავნებლური ქმედება ან გააგრძელოს გზა ეკონომიკური კატასტროფისკენ.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდება მესამე ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც ირანულ კომპანიებთან თანამშრომლობენ. სააგენტო Reuters-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგოსგან 180 დღის ვადით გათავისუფლებულია რვა ქვეყანა, მათ შორის სამხრეთ კორეა.
აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გამო, წუხილი გამოთქვა ევროკავშირმა.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ევროპის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა. თეირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) შორის ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა და ის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა.

დატოვე კომენტარი