ირანის სამხრეთში გამართულ დემონსტრაციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ირანის სამხრეთში გამართულ დემონსტრაციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთში გამართულ დემონსტრაციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მეორე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება წყლის დეფიციტის გამო. გამოსვლები ნავთობით მდიდარ, ხუზესტანის პროვინციაშიც მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციებს ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის მამის თქმით, მისი შვილი პროტესტის მონაწილეებმა მოკლეს.

ირანი 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვის წინაშე დგას. წყლის დეფიციტმა სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის გაჩანაგება გამოიწვია, გათიშულია ელექტროენერგიაც. მძიმე ვითარების გამო, სამხრეთ პროვინციების რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები დაიწყო.

დემონსტრანტები ცეცხლმოკიდებული საბურავებით ცდილობენ გზების გადაკეტვას და ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ. შეტაკებები მოხდა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებთანაც.

ბოლო რამდენიმე წელია, ირანში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც „კოვიდ-19“-ის პანდემიით და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებით არის გამოწვეული. ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 50 პროცენტზე მეტია.