ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტესთან საამიროების დროშით მცურავი ნავთობტანკერი დააკავა
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტესთან საამიროების დროშით მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტესთან ნავთობტანკერი დააკავა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი 250 000 ლიტრი ნავთობით არის დატვირთული.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანი ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრს საწვავის კონტრაბანდაში ადანაშაულებს. მეზღვაურთა ეროვნება უცნობია. ტანკერი ირანის პორტ ბენდერ-ლენგედან საამიროების ტერიტორიული წყლებისკენ მიემართებოდა.

ეს სექტემბრის დასაწყისიდან ირანის მიერ ხომალდის დაკავების მეორე შემთხვევაა. მიმდინარე თვის დასაწყისში თეირანმა ჰორმუზის სრუტეში საწვავის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ხომალდი დააკავა, რომლის ეკიპაჟი ფილიპინების მოქალაქეებისგან შედგებოდა.

ჰორმუზის სრუტეში ტანკერის დაკავება რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე მოხდა. 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა.