ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება
ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება

პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და მათ არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალი ჯამადიმ განაცხადა.

„თავსაბურავის მოხსნის წაქეზების დანაშაული განხილული იქნება სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ჰიჯაბის მოხსნისკენ წაქეზება არის უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე თავად ჰიჯაბის მოხსნა.

პროკურატურის ეს განცხადება იმის ფონზე გავრცელდა, რომ ირანში სულ უფრო მეტი ქალი არღვევს სავალდებულო დრესკორდს და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში – რესტორნებში, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში თავსაბურავების გარეშე ჩნდება. რამდენიმე ცნობილმა ირანელმა ქალმა და აქტივისტმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა თავისი ფოტო თავსაბურავის გარეშე.

ირანული მედიის ცნობით, შაბათს ირანის პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოკამერები დაამონტაჟა ჰიჯაბის გარეშე ქალების იდენტიფიცირებისა და შემდგომი დასჯისთვის.

თავსაბურავის ტარების წინააღმდეგ პროტესტი ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.