ირანის პრეზიდენტმა „მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად გამოყოფილ“ ტერიტორიებზე, მათ შორის კავკასიაზე ისაუბრა
ირანის პრეზიდენტმა „მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად გამოყოფილ“ ტერიტორიებზე, მათ შორის კავკასიაზე ისაუბრა

205 წლის წინ, ყაჯართა ​მეფეების მოღალატეობრივი დინასტიის დროს, ირანის ჩრდილოეთის ძირითადი ნაწილი და კავკასია ირანს გამოეყო, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 11 თებერვალს თეირანში, ისლამური რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰასან როუჰანის თქმით, ირანს 191 წლის წინ დამატებითი ტერიტორიები ისევ გამოეყო ჩრდილოეთით, 172 წლის წინ კი ჩრდილო-დასავლეთით. ირანის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვისას ასევე თქვა, რომ 163 წლის წინ ირანს გამოეყო ტერიტორიები აღმოსავლეთით, 138 წლის წინ კი ისევ ჩრდილო-დასავლეთით.

ჰასან როუჰანიმ ისტორიის მიმოხილვისას ირანის ყოფილ ტერიტორიებად დაასახელა სპარსეთის ყურის სამხრეთი ნაწილი და თქვა, რომ 100 წლის წინ ირანისგან გამოყოფილი ტერიტორიებისგან რამდენიმე ქვეყანა ჩამოყალიბდა.

ირანისგან გამოყოფილ ტერიტორიებზე საუბრისას როჰანიმ აღნიშნა, რომ ყაჯართა და ფაჰლავის დინასტიების რამდენიმე ათწლეულის მმართველობის პერიოდში, ირანს ქვეყნის ორი მესამედი ტერიტორია გამოეყო, რაც ნიშნავს, რომ წარსულის მმართველები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მოღალატეობრივად იქცეოდნენ.