ირანის პრეზიდენტი - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა ისრაელთან შეთანხმების გაფორმებით
ირანის პრეზიდენტი - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა ისრაელთან შეთანხმების გაფორმებით

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ირანის პრეზიდენტის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჰასან როუჰანიმ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქმედება ღალატად შეაფასა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აზრით, ეს ქმედება არასწორია, მცდარია და 100 პროცენტით დასაგმობი, ეს არის პალესტინელი ხალხისა და მუსლიმების ნების ღალატი.

ვაფრთხილებთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ნუ მოიწვევენ ისრაელს ამ რეგიონში, მათ შემდეგ განსხვავებული დღის წესრიგი ექნებათ, თქვენდამი დამოკიდებულება შესაძლოა, განსხვავებული იყოს. მათ დიდი შეცდომა და მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს“, – განაცხადა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნული შეთანხმების მიზანს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნოემბერში დაგეგმილი არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამასთან, თეირანში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოსთან, ისრაელთან შეთანხმების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დემონსტრანტებმა აშშ-ისა და ისრაელის დროშები დაწვეს.

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

დატოვე კომენტარი