ირანის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე მათი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების კვოტა გაუქმდა #1TVSPORT
ირანის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე მათი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების კვოტა გაუქმდა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ირანის ფეხბურთის ფედერაციამ (FFIRI) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, მათთვის გამოყოფილი ბილეთების კვოტა მოულოდნელად გაუქმდა.

აღნიშნული ქმედება ფედერაციამ ირანელი ფანების წინააღმდეგ მიზანმიმართულ საბოტაჟად შეაფასა. ამის გამო მრავალი გულშემატკივარი, რომელთაც მგზავრობა უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, მატჩებზე მოხვედრას ვეღარ მოახერხებს.

ფიფა-ს წესების თანახმად, ყოველი მონაწილე სახელმწიფო მატჩის ბილეთების 8%-იან სტანდარტულ წილს უნდა იღებდეს. როგორც ირანის ფედერაციაში აცხადებენ, მათ ეს უფლება მოულოდნელად ჩამოართვეს, რის შედეგადაც საკუთარ ქომაგებს ერთ ბილეთსაც კი ვერ გადასცემენ.

მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ართულებს ისედაც დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. თებერვალში აშშ-სა და ისრაელთან წარმოქმნილი სამხედრო კონფლიქტის გამო ირანის ეროვნული გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ნაკრები იძულებული გახდა, მოსამზადებელი ბაზა არიზონის შტატის ქალაქ ტუსონიდან მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გადაეტანა, ვინაიდან ტრამპის მთავრობა მათ აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნას ეწინააღმდეგებოდა.

გარდა ამისა, ირანის ფეხბურთის ფედერაციამ შეერთებული შტატები დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მიზეზი ისაა, რომ დელეგაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის ფედერაციის პრეზიდენტს, მეჰდი ტაჯს, ვიზის გაცემაზე უარი განუცხადეს. თავად მოთამაშეებმა ვიზები მხოლოდ პარასკევს აიღეს და ისიც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნით – ირანის ნაკრები ვალდებულია, მატჩის დასრულებისთანავე, იმავე დღეს დატოვოს აშშ-ის საზღვრები.

ირანის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი 16 ივნისს, ახალ ზელანდიასთან ელის. შეხვედრას ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.