ირანიდან ყველა ქართველი ფეხბურთელი წამოვიდა - გველესიანმა კორონავირუსს გამოასწრო
ირანიდან ყველა ქართველი ფეხბურთელი წამოვიდა - გველესიანმა კორონავირუსს გამოასწრო

ირანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის განსაკუთრებული საფრთხეა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, ამჟამად ეს ქვეყანა ყველა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

ირანი კორონავირუსის გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე გიორგი გველესიანმა დატოვა – ჩემპიონატის მეორეადგილოსან „სეპაჰანის“ ქართველი მცველი ტრავმირებულია.

„კორონავირუსის გავრცელებას გამოვასწარი. თუმცა, საამისოდ, სასიამოვნო მიზეზი არ მაქვს – ირანი თვენახევრის წინ დავტოვე, რადგან მუხლის ოპერაცია დამჭირდა და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. რაც შეეხება ირანში ქართველ ფეხბურთელებს, ბოლოს მხოლოდ სამნი ვთამაშობდით – მე და „შახინ ბუშერის“ ფეხბურთელები, გადრანი და ქვილითაია, რომლებმაც კორონავირუსის გამო ირანი უკვე დატოვეს, რაც პირველი არხის გადაცემიდან შევიტყვე“, – ამბობს პირველი არხთან გიორგი გველესიანი.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ლუკა გადრანმა განაცხადა, რომ მაქსიმე ქვილითაიასთან ერთად ირანიდან დაბრუნდა.

„ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა იმატა. მე და მაქსიმემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბთან შეთანხმებით საქართველოში ჩამოვსულიყავით. მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც უმალ უზრუნველყო სამშობლოში ჩვენი მშვიდობით და გართულების გარეშე ჩამოყვანა. საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო შემოწმება გავიარეთ და რეანომობილით წაგვიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაგვიტარდა ყველანაირი შემოწმება. ამის შემდეგ დადასტურდა, რომ არც მე და არც მაქსიმეს კორონავირუსი არ გვჭირს. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ორკვირიანი თვითიზოლირებული კარანტინი გადავწყვიტეთ“, – ამბობს ლუკა გადრანი.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ერთი თვით შეჩერდა. ქართველი ფეხბურთელები ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.