ირანელი ჰაკერების ჯგუფმა კიბერთავდასხმა 200-ზე მეტ კომპანიაზე განახორციელა
ირანელი ჰაკერების ჯგუფმა კიბერთავდასხმა 200-ზე მეტ კომპანიაზე განახორციელა

ირანელი ჰაკერების ჯგუფმა საერთაშორისო მასშტაბით 200-ზე მეტ კომპანიაზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კორპორაცია „მაიკროსოფთის“ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კიბერდამნაშავეებმა შეტევის დროს რიგი კომპანიების კომპიუტერულ სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ცნობები წაშალეს და პირადი მონაცემები მოიპარეს.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები სავარაუდოდ, ირანის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. თავდასხმის ობიექტები ძირითადად ნავთობმომპოვებელი კომპანიები, ავტოკონცერნები, ასევე გერმანიის, საუდის არაბეთის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთისა და აშშ-ის საერთაშორისო კომპანიები გახდნენ.

კორპორაცია „მაიკროსოფთის“ ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანელი ჰაკერების თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიკროსოფთის“ სპეციალისტების განმარტებით, ჰაკერული თავდასხმების უკან კიბერდამნაშავეების ჯგუფი „ჰოლმიუმი“ დგას. მათ ირანის ხელისუფლებასთან აქვთ კავშირი. ცალკეულ კიბერთავდასხმებს „ჰოლმიუმის“ დაკვეთით სხვა ირანული ჰაკერული დაჯგუფებებიც ახორციელებდნენ.