ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ინტერესებშია, საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა, სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდეს
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ინტერესებშია, საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა, სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა და რომ ვისმენ, გაოგნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა რომ წასვლის შესახებ მანამდე არ თქვა, ამით გაქვთ ხმები აღებული და არალეგიტიმური ხართო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რა უნდა დაუპირისპირო ამ თემას. ასეთი არგუმენტებით თუ ხართ შეიარაღებული, რომ ივანიშვილმა თავის დროზე არ თქვა, წასვლას რომ აპირებდა და ამიტომ ამბობთ, არჩევნები გაყალბდა, რადგან ივანიშვილმა თავის დროზე არ თქვა, წასვლას რომ აპირებდაო, არ ვიცი, რა ვთქვა. ეს თქვენი არჩევანია“, – განაცხადა ზარქუამ.

ამ განცხადებით ირაკლი ზარქუამ დებატებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა ობოლაძეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგში ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძალიან დიდი იყო და არ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა, რომელიც მათ შორის, შემდეგმა პოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა, პოლიტიკას საჯაროდ გასცლოდა და ეთქვა, მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც კი არ ვიქნებიო.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ლეგიტიმური, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზომოს, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმურია ადგილობრივ არჩევნებზე.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საერთაშორისო და მათ შორის, ოპოზიციის 11 000 დამკვირვებლის პოზიცია, რომლებმაც ეს პოზიცია ოქმებზე ხელის მოწერით დაადასტურეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კი თქვეს, ფორმულაში შეგვეშალა, არასწორი იყოო და მონაცემები, რომელიც დასვეს, ცესკო-ს მონაცემებს ერთი-ერთში დაემთხვა. არაფერს ვამბობ ელჩების პოზიციაზე და ბოლოს, დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის წლიური ანგარიში, სადაც ითქვა, რომ ამ არჩევნებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლება დაცული იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, შეცდომებიც და შეიძლება, გადამეტებაც ყოფილიყო, მაგრამ ვერ მეტყვით ვერც ერთ ქვეყანას, სადაც დემოკრატია მიღწეული შედეგია და მორჩა. ეს მუდმივი პროცესია და მათ შორის, დიდ დემოკრატიებშიც. ჩვენ ვნახეთ ტრაგედია, რაც აშშ-ში მოხდა და, რაც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში ხდება“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, არჩევნების გაყალბების შესახებ არგუმენტები საგამოძიებო კომისიაში წარმოადგინოს, მაგრამ ამაზე უარს ამბობს, რადგან ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ ელჩებიც მოუწოდებენ და გარდა ამისა, NDI-ის კვლევაში საკუთარი მხარდამჭერების 76%-მაც უთხრა, პარლამენტში შესულიყვნენ და ემუშავათ, მაგრამ ოპოზიციას იმ გამოწვევებში მონაწილეობა არ სურს, რაც მოსახლეობას აქვს.

„სიმართლე გითხრათ, მოსახლეობის მართლა მრცხვენია, დღეს რომ საუბრის თემა ისაა, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. მაშინ, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს – ეკონომიკის მდგომარეობა, რაც პანდემიის შედეგად შეიქმნა, განკარგვადი შემოსავლები, ინფლაცია, დასაქმება და ა.შ. ჩვენთვის აი, ეს არის მთავარი, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი მედია ისეთ თემებზეა გადართული, რაც არ მგონია, ჩვენს მოსახლეობას აინტერესებდეს“, – განაცხადა ზარქუამ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია და ოპოზიციისთვის კარი ღიაა, რომ პარტიები საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაებან.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ ინტერესებშია, მობრძანდეთ და საგამოძიებო კომისიაში მიიღოთ მონაწილეობა. უბრალოდ, საჭიროა, სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდეთ. ამ პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, გამოსცა ამნისტია, შეიწყალა მთელი რიგი პატიმრები და ეს პარლამენტი არის უფლებამოსილი. ეს პარლამენტი აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვართ ბრიუსელში, ჰააგაში და ა.შ.“ – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, რევოლუციური სცენარი გამორიცხულია, რადგან ამის შანსი უბრალოდ, არ არსებობს.