ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ რაც უნდა იჭიკჭიკოს, თითქოს მოხარული არიან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ევროპარლამენტში ვინ რას ლაპარაკობს
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ რაც უნდა იჭიკჭიკოს, თითქოს მოხარული არიან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ევროპარლამენტში ვინ რას ლაპარაკობს

ამათ ჰგონიათ, ევროპარლამენტში მარტო თვითონ ჰყავთ მეგობრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ იქ გაცილებით მეტი მეგობარი გვყავს და გაცილებით მეტი თანამოაზრე გვყავს, რომლებიც ცხადად, პირდაპირ გვეუბნებიან, თუ რას სჩადიან ესენი და ამისთვის ცოტა არ იყოს, უხერხულში ვდგებით ხოლმე, რადგან, როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა პარტიული მტრობა გქონდეს. როგორ შეიძლება, ეს იკადრო და თავს აკადრო, მაგრამ მათგან ალბათ, ყველაფერი მოსულა. ჩვენი გუნდი მუშაობს და ოპოზიციამ რაც უნდა ილაპარაკოს, რაც უნდა ცუდი ენა ჩაიტანოს და მოატყუოს, ვერაფერს გახდება. ევროპარლამენტში რამდენიმე ასეული დეპუტატია, რომლებთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათ ჩვენი სუსტი მხარეებიც იციან და იციან იმ რეფორმის შედეგებიც, რასაც მივაღწიეთ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. ასე რომ, ოპოზიციამ ეთერებში რაც უნდა იჭიკჭიკოს, თითქოს მოხარული არიან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ, სად, როგორ და რას ლაპარაკობს. ეს ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი მეგობრებისგან გვაქვს, რომლებიც არაფერს არ მალავენ და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ეს ქვეყანა თქვენიც არის, ჩვენიც არის და ყველასია“, – განაცხადა ზარქუამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მართლმსაჯულება გახდეს საქართველოსთვის გამოწვევა კანდიდატის სტატუსი მინიჭების გზაზე, რადგან ევროკომიის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მთავარი აქცენტი კანონის უზენაესობის მნიშვნელობასა და მართლმსაჯულების რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე კეთდება, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ დღეს საქართველო კანდიდატებს შორის ყველაზე გამორჩეული ლიდერია და კანდიდატის სტატუსი თუ ვინმემ უნდა მიიღოს, ეს საქართველოა.

„საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგანაც ყველა კრიტერიუმით და მათ მიერ დაწესებული ყველა შეფასებით საქართველო იმსახურებს ამას და ივნისის ბოლოს ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ნიკა გვარამიას მოსამართლის პროგრამიდან ჩახსნასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შორის კავშირს, რადგან გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს; თუმცა მისი აზრით, ეს არის უსუსური ოპოზიციის კიდევ ერთი მცდელობა, რომ პროცესები დამახინჯებულად წარმოაჩინონ.

„ეს იცით, რომელი ხალხია? ნატო-ს გენერალური მდივანი ჩვენს პრემიერს არ შეხვდება, გამორიცხულიაო, რომ იძახდნენ და შემდეგ, როცა შეხვედრა შედგა, ჩირგვებში დაიმალნენ და ხმას არ იღებდნენ. შეიძლება, ესეც ზუსტად იგივე თემა იყოს. მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება თუ არა, საერთოდ ამოღებულია სიიდან თუ არა და გაემგზავრება თუ არა შტატებში ბატონი მოსამართლე, მაგრამ მე გეტყვით, რას უკავშირდება ისტერია, რაც „მთავარის“ და მასთან ასოცირებულ პარტიულ ტელევიზიებს აქვთ დაწყებული, – თურმე, აშშ-ი ერევა შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში; თუ მოსწონს, მხარს უჭერს მოსამართლეებს და ტრენინგებს უტარებს, ხოლო თუ არ მოეწონა, ესე იგი, ბლოკავს. ამათ აშშ-ი საბჭოთა კავშირში ხომ არ ერევათ? ჩვენი მთავარი პარტნიორები პირიქით, გვიკიჟინებენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ეს არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი, თავისუფალი საზოგადოება, ინსტიტუციების ხელშეუხებლობა არის სწორედ ის ფაქტორი, რითაც ჩვენ უნდა ვიამაყოთ და ღირსეულად მივიღოთ ევროკავშირის წევრობა, ამათ კიდევ, ჰგონიათ, რომ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერივნენ, ჩვენს პარტნიორს გადაწყვეტილება არ მოეწონა და მოსამართლე სიიდან ამოიღეს. აი, ამ დონეზე არიან უკვე“, – განაცხადა ზარქუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა სასამართლოს, ნიკა გვარამიას მიმართ ჯარიმა ავტომანქანის ეპიზოდშიც გამოეყენებინა, რადგან „რუსთავი 2“-ის კუთვნილი 6 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში მას ჯარიმა დაეკისრა, ხოლო კომპანიის ბალანსზე არსებული მანქანის „პორშეთი“ სარგებლობის გამო სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არგუმენტებით არის ახსნილი.

„ვინმეს თუ აქვს განსხვავებული პოზიცია და ჰგონია, რომ დაჩაგრეს, აგერ არის მეორე ინსტანცია, თუ არა და, აგერ არის საერთაშორისო სასამართლო. როგორც „რუსთავი 2“-ის ქეისი წაიღეს და დამარცხდნენ, ანალოგიურად აქვთ შესაძლებლობა, ეს საქმეც წაიღონ. თუ გაამართლა, პირველი მე ვიქნები, ვინც მივულოცავ და ვეტყვი, სამართლიანობამ იზეიმა-თქო. მანამდე, მე არ მაქვს საფუძველი, მოსამართლის გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანო, მომწონს თუ არ მომწონს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.