ირაკლი სიხარულიძე - საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას არ ველოდი
ირაკლი სიხარულიძე - საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას არ ველოდი

„სიმართლე გითხრათ, ამ აღიარებას არ ველოდი და ამის ფონზე საუკეთესოდ დასახელება ეს ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ირაკლი სიხარულიძე აღიარებას.

თბილისის „ლოკომოტივის“ 30 წლის თავდამსხმელი ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზე 2020 წლის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ეროვნული ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში გამარჯვებულად აღიარეს.

„პირველად 2017 წელს გავიმარჯვე და ოთხ წელიწადში მეორედ გავხდი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. საქართველოში ბევრი კარგი მოთამაშეა და მათ შორის პირველ ადგილზე გასვლა ორმაგად სასიხარულოა“, – ამბობს სიხარულიძე.

სიხარულიძემ მხარდამჭერებსა და თბილისის „ლოკომოტივს“ მადლობა გადაუხადა: „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველ ადგილზე დამასახელა და ჩემს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე მეტი მადლობა „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, რომლის წყალობითაც ეს პრიზი მივიღე. გუნდმა თუ არ ივარგა, ვერ ერთი მოთამაშე წარმატებული ვერ იქნება“.