ირაკლი სიხარულიძე - „საბურთალო“ საგრძნობლად გაძლიერდა და ელიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვეყოლება #1TVSPORT
ირაკლი სიხარულიძე - „საბურთალო“ საგრძნობლად გაძლიერდა და ელიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვეყოლება #1TVSPORT

ირაკლი სიხარულიძე ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც „საბურთალომ“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატა. 31 წლის თავდამსხმელმა გუნდზე, მიზნებსა და იმედებზე ისაუბრა:

„მართალია, ახალ გარემოში ვარ, თუმცა ბევრი ნაცნობი თუ მეგობარი დამხვდა. მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთანაც მიმუშავია და ვიცი მისი ფეხბურთისადმი მიდგომა. საერთო ჯამში ადაპტაცია არ გამიჭირდა, რადგან შინაურ გარემოში მოვხვდი. „საბურთალო“ წარმატებული და პროგრესირებადი კლუბია, ყველაფერზე შედეგები მეტყველებს. სასიამოვნოა, რომ კლუბს გააჩნია თავისი აკადემია. სწორედ, ამ აკადემიის ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რომ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, კლუბს მოუტანეს დიდი წარმატება. ისტორიას რომ გადავხედოთ, „საბურთალო“ წლებია უტიტულოდ არ რჩება და წინ მიდის. მინდა, გუნდს სხვადასხვა მიზნების მიღწევაში დავეხმარო და მის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო“, – ამბობს ირაკლი სიხარულიძე.

თბილისელთა თავდამსხმელის თქმით, გასულ წელთან შედარებით „საბურთალო“ გაძლიერდა: 

„გუნდმა კვალიფიციური ფეხბურთელები დაიმატა და ვფიქრობ, გასული წლისგან განსხვავებით, საგრძნობლად გაძლიერდა და ლიგაში ერთ-ერთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. წელს აუცილებლად ვიზრუნებთ მაღალი მიზნებისთვის, ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს. რამდენიმე დღეში სუპერთასზე ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი გველის. სეზონის პირველი მატჩია და ბუნებრივია, ყველას სეზონის სასიამოვნო განწყობით დაწყება სურს. ეს მატჩი, ერთგვარი გამოცდა იქნება ჩვენთვის, თუ რა დონეზე ვართ მომზადებული. ერთმატჩიანი დაპირისპირებაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში, რთული და მძიმე მატჩი გვექნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის და გვინდა, რომ სეზონი ამაღლებული განწყობით დავიწყოთ“.

სიხარულძემ თავის ყოფილ კლუბზე, „ლოკომოტივზეც“ ილაპარაკა, სადაც დიდი დრო გაატარა: 

„ეს ჩემთვის ძვირფასი კლუბია, ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მატჩი მაქვს ჩატარებული. ბევრ რამეს დადებითად და კარგად ვიხსენებ. მათ გულშემატკივრად ვრჩები“.