ირაკლი სიხარულიძე გოლების რაოდენობით დავით ჯანაშიას გაუთანაბრდა და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა ხუთეულშია #1TVSPORT
თბილისის იბერიის“ თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ეროვნული ლიგის მეორე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ გაუტანა, საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში დავით ჯანაშიას გაუთანბრდა და ხუთეულში შევიდა – განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
34 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 124 გოლია და მხოლოდ გია მეგრელაძეს, ჯაბა დვალს, ლევან ხომერიკსა და ზურაბ იონანიძეს ჩამორჩება.
სიხარულიძეს თითქმის მთელი საკლუბო კარიერა საქართველოში („კახეთი“, მარტვილის „მერანი“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, „სამტრედია“, „სიონი“, „ლოკომოტივი“, „იბერია“) აქვს გატარებული.
2017 წლის სეზონში თბილისის „ლოკომოტივში“ ჩატარებულ 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირთან ერთად, საუკეთესო თავდამსხმელიც გახდა. უცხოური კლუბებიდან ცოტა ხნით ჩეხეთის „სლოვაცკოსა“ და ლატვიურ რფს-ში („რიგის ფეხბურთის სკოლა“) ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში მე-100 გოლი 2021 წლის მაისში, „ლოკომოტივში“ თამაშისას თბილისის „დინამოს“ გაუტანა მე-18 ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ახლა კი მხოლოდ ოთხი გოლი აკლია, რომ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სამეულში მოხვდეს.
2020 წლის დეკემბერში სიხარულიძე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 2022 წლიდან „იბერია 1999“-ის ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 91 შეხვედრაში 20 ბურთის გატანა შეძლო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ყველა დროის ბომბარდირთა სიის სათავეში ზურაბ იონანიძეა, რომელიც 2009 წელს გახდა უმაღლესი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (216 გოლი) – ის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის ანგარიშზეც ეროვნულ ჩემპიონატში 200-ზე მეტი გოლია.
საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:
| ფეხბურთელი | გოლი |
| ზურაბ იონანიძე | 216 |
| ლევან ხომერიკი | 140 |
| ჯაბა დვალი | 127 |
| გია მეგრელაძე | 126 |
| ირაკლი სიხარულიძე | 124 |
| დავით ჯანაშია | 124 |
| მიხეილ აშვეთია | 121 |
| დიმიტრი ტატანაშვილი | 115 |
| ზვიად ენდელაძე | 112 |
| პაატა მაჭუტაძე | 106 |
| ოთარ კორღალიძე | 105 |
| გიორგი დარასელია | 105 |
| მერაბ მეგრელაძე | 104 |
| მამუკა ჯუღელი | 102 |
| დავით გოდერძიშვილი | 102 |
| სულიკო დავითაშვილი | 101 |
| დავით მახარაძე | 101 |
| მამუკა ხუნდაძე | 100 |