ირაკლი შოთაძე - სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს
ირაკლი შოთაძე - სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს

საქართველოში გუშინ პირველი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართა, – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ესწრებოდნენ.

„კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარების ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებლად წარმართვას და ასევე აღნიშნულ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას გულისხმობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი.ჩვენი მიზანია , ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

მხარეებმა ქვეყანაში არსებული ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარების დეტალები განიხილეს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ.

სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება გულისხმობს პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მხარეები ვიდეო კონფერენციაში ერთდროულად ჩაერთონ.

პროკურორებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის ნებისმიერი ოფისიდან.

სასამართლო პროცესებზე დისტანციურად ჩაერთვებიან ადვოკატები და პროცესის სხვა მონაწილე პირები, ასევე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული ბრალდებულები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება ხელს შეუწყობს სოციალური დისტანციის დაცვას და ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების პრევენციას.

დატოვე კომენტარი