ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით ორმაგი სარგებელი აქვს საქართველოსაც და ნატო-საც
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით ორმაგი სარგებელი აქვს საქართველოსაც და ნატო-საც

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით ორმაგი სარგებელი აქვს საქართველოსაც და ნატო-საც, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენი მთავრობის განწყობა ეფუძნება საერთაშორისო ურთიერთობებს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკას და ურთიერთობას; ეფუძნება განცდას იმისა, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ნდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო მართლაც არის შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი ინსტიტუტები, დემოკრატიის გამოკვეთილი ხაზი საკუთარ ხალხთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფის საქმეში და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით ორმაგი სარგებელი აქვს, როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევენ, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად.

„ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი და ფაქტორი აქვს. ერთი ის, რომ ჩვენი სახელმწიფო თავისი ინსტიტუციონალური მდგრადობით რიგ შემთხვევებში, არა თუ ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, არამედ რიგ შემთხვევებში, ათეულში ხვდება და სხვადასხვა რეიტინგებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც უთანაბრდება. ეს შეიძლება იყოს კანონის უზენაესობა, დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. მეორე მხრივ, ჩვენ მოვახდინეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც შესაბამის ადეკვატურ დონეზე თანამშრომლობს და თუ შეიძლება, ასე ითქვას, მოკავშირეობს ისეთ უძლიერეს პარტნიორებთან, როგორიც არის აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ისრაელი და ა.შ.

და ბოლოს, კოზირად დავიტოვებ იმას, რომ ამისთვის მზადაა ჩვენი თავდაცვითი ძალები, ჩვენი ღირსეული სამხედრო მოსამსახურეები თავიანთი პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით და საქმით ყველგან, სადაც კი ვმონაწილეობთ, საერთაშორისო მისიებში თუ მრავალმხრივ წვრთნებში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნატო-ს სამხედრო მეთაურები განცხადებებში პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო თავისი თავდაცვითი ძალებით, ჯარისკაცებით და ოფიცრებით უკვე დიდი ხანია, მზად არის ნატო-ს წევრობისთვის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამერიკული აუდიტორიისთვის ამაზე საუბარი მაშინ, როცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არსებობს, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ნომერი პირველი თემა უსაფრთხოებაა და აქედან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყველაზე კარგად წამკითხავი და გამგები სწორედ აშშ-ში ჰყავს.

„აშშ ნატო-ს მთავარი კონტრიბუტორია და მას ნატო-ში წამყვანი პოზიციები აქვს. ევროპა უფრო მეტად, სოციალურ საკითხებზეა კონცენტრირებული. არის მიგრაციის პრობლემები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ევროპისთვის პრიორიტეტულია მაშინ, როცა აშშ-სთვის ნომერი პირველი თემა არის უსაფრთხოება და ამას აშშ ფართო გაგებით, ფართო არეალში ხედავს. აშშ-სთან იმდენად ინტენსიური და მაღალი ხარისხის ურთიერთობა გვაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყველაზე კარგად წამკითხავი და გამგები სწორედ აშშ-ში ეყოლება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეკითხვაზე, რას მოველით „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებული საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებიდან, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საუბარია იმაზე, რა ფორმით გაგვაქვს საკითხი საჯარო დისკუსიაზე.

„გაგვაქვს იქ, სადაც ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი გვეგულება. ეს არის აშშ; გაგვაქვს იმ აუდიტორიისთვის, რომელსაც აქვს ძალაც და სურვილიც, რომ ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მხარი დაუჭიროს და ამ განცხადებას „ვაშინგტონ თაიმსში“ კითხულობს ევროპაც“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.