ირაკლი სესიაშვილი - რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ირაკლი სესიაშვილი - რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადება კრემლის ნარატივია და საქართველოსთან მიმართებით, ახალი არაფერი უთქვამს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, უახლოეს მომავალში არ ელოდება, რომ რუსული ნარატივი ნატო-ს ან საქართველოს მიმართ შეიცვლება.

„რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს – დიახ, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთს მშვიდობიანი გზით საქართველოდან თავისი ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მოუწევს. დიახ, მას სამხრეთით საქართველოს სახით მეზობელი ეყოლება, რომელიც სტაბილური და უსაფრთხო იქნება, რაც რუსეთის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს.

მგონია, ნატო-ს გაფართოების ბოლო ნაკადი რაც იყო, მეტყველებს, რომ ნატო-ს წევრობა არის მშვიდობისა და სტაბილურობის ყველაზე საუკეთესო გზა. რუსეთი ამას უნდა შეეგუოს. ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ისაა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები, რაც მიუღებელია და რეგიონის უსაფრთხოების სისტემას არღვევს. ჩვენი გზა მიმართულია მშვიდობისკენ, რაც რუსეთის ინტერესებში უნდა შედიოდეს“, – აცხადებს დეპუტატი.

სესიაშვილი კარასინის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას ეხება.

„წლების წინ, წინა ხელისუფლებებმა საერთაშორისო დონის პროექტები დაიწყეს, როგორიცაა ნავთობსადენი, აბრეშუმის გზა და ა.შ. ეს რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ ეს გზები გაკეთდა. ანაკლიის პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც ქვეყნის ინტერესებში შედის, ისევე, როგორც შედიოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ესეც გაკეთდება და სწორი ცივილიზებული მიდგომა იქნება საერთაშორისო სავაჭრო თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში. რუსეთი ამასაც შეეგუება. კარასინმა საერთოდ რამე რომ არ თქვას, მათი დამოკიდებულება ვიცით, როგორც ნატო-სთან, ასევე საქართველოს დემოკრატიასთან მიმართებაში. კარასინი ხან ამ სიტყვებს გამოიყენებს, ხან – სხვას. ჩვენი გზა კი არ შეიცვლება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. ამასთან, კარასინის თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.