ირაკლი სესიაშვილი - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ფორმალურია
ირაკლი სესიაშვილი - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ფორმალურია

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ფორმალურია.

„კოლეგიალობისა და სხვა დამოკიდებულების მიუხედავად, პირდაპირ გეტყვით, რომ არის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.

მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ფორმალურია. გულწრფელად გეტყვით, გული მწყდება, რომ ჩემი კოლეგა პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა ხალხს, რასაც ძალადობა და მოქალაქეთა მძიმე დაზიანება მოჰყვა. ეს მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 12 დეკემბერს იმსჯელებს. ამ საკითხის განხილვის მიზნით, დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე მოხდება. როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. „ეს არის ფორმალური ნაწილი, რადგან კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა შესრულდეს იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.