ირაკლი ქავთარაძე - ამოცანა სამართლიანი სასამართლოა, არის კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებთანაც წესიერება არ იქნება ასოცირებული
ირაკლი ქავთარაძე - ამოცანა სამართლიანი სასამართლოა, არის კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებთანაც წესიერება არ იქნება ასოცირებული

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სასამართლო სისტემიდან კორუფციის ელემენტი ამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის პოლიტიკური გავლენებისგან ვერ გათავისუფლდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ქავთარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი სასამართლო დაიწყო, ის ხარვეზიანი სასამართლო იყო. უპირველეს ყოვლისა, ის იყო სასამართლო, რომელიც მთლიანად კორუფციაზე იყო დაფუძნებული. ანუ, სამართლის მთავარი წყარო ფული იყო და ორ ადამიანს შორის დავას ის წყვეტდა, ვისაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდა. ეს სიტუაცია იყო „ვარდების რევოლუციამდე“, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სასამართლო სისტემიდან კორუფციის ელემენტი ამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის პოლიტიკური გავლენებისგან ვერ გათავისუფლდა, რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, ამ სისტემის ხარვეზად დარჩა“, – განაცხადა ქავთარაძემ.

ამ განცხადებით ირაკლი ქავთარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პრეტენზიები აქვს მოსამართლეობის წარმოდგენილ კანდიდატებთან „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ დანაპირები სწორედ ის იყო, რომ სისტემა უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლო სისტემამ ვერ შეიძინა ის რეპუტაცია, რომელიც მოქალაქეს გაუჩენდა განცდას, რომ ის თავისუფალია.

„ის მოსამართლეები, რომლებიც ფაქტობრივად, პოლიტიკური ხელისუფალის ნებას ასრულებდნენ, ამ პოლიტიკური ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდნენ. მეტ-ნაკლებად, თორემ ყველაზე ვერ ვიტყვით. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს გადამეტებული რიტორიკა იყო, ხშირ შემთხვევაში კი ნამდვილად ჰქონდა საფუძველი. იმის მაგივრად, რომ ეს მოსამართლეები სისტემიდან გაწეული ყოფილიყვნენ, დავინახეთ, რომ არა თუ გადავიდნენ ამ სისტემიდან, არამედ პირიქით, 2012 წლის მერე „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა, უფრო შეამჭიდროვა და ამ ყველაფერს ფაქტობრივად, უფრო კლანური, რაღაც ოჯახის ფაქტურა მისცა და სრული ასი პროცენტით ჩაიყენა სამსახურში. პლუს, ამას დაემატა ის კორუფციული ელემენტი, რომელიც უკვე დაძლეული იყო“, – განაცხადა ქავთარაძემ.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, სასამართლო პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღად არის გამოყენებული.

„ანუ, ეს ადამიანები პირდაპირ მსახურებაში არიან ჩამდგარი და ამისთვის უკვე, საკმაოდ სანდო წყაროებით, კორუფციაში არიან ჩართული. ეს საზოგადოებაში საკმაოდ დიდი განსჯის საგანი იყო. იმისთვის, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღოს, ეს ადამიანები კორუფციაში არიან ჩაბმული“, – განაცხადა ქავთარაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა პრინციპით შეიძლება მოხდეს 2020 წლის შემდეგ დღეს, უვადოდ გამწესებული მოსამართლეების სასამართლოდან დათხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, როგორც ამას რომან გოცირიძე აცხადებს და უნდა დაიწყოს თუ არა 2020 წლის შემდეგ სასამართლოს წმენდა ისევე, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, ირაკლი ქავთარაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამისთვის სერიოზული პაკეტი აქვს მომზადებული.

„ამოცანა არის შემდეგი – თუ საქართველოს მოქალაქე, ქართველი მეწარმე, ბიზნესმენი და ა.შ. დავაში შევა სახელმწიფოსთან ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლო სამართლიანად განსჯის. ამოცანა სამართლიანი სასამართლოა და ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, უნდა შეიქმნას მექანიზმები და მოსამართლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ, მაგრამ არის კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებთანაც წესიერება და მართლმსაჯულება არ იქნება ასოცირებული. ანუ, სისტემას ძალიან დიდი პრობლემა ექმნება. ჩვენ საკმაოდ სერიოზული პაკეტი გვაქვს მომზადებული. აქ საუბარი არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“. აქ უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსი, პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსი. არ არსებობს, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს და ეს ასე ხელის მოსმით გააკეთოს. საქართველოში ასეთი პოლიტიკური რეალობა აღარ დადგება“, – განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.