საქართველომ პირველად უმასპინძლა პროფესიულ კრივში WBF International-ის ქამრის გათამაშებას, რომელიც ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.
საღამოს ესწრებოდნენ მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი და მსოფლიო კრივის ლეგენდა როი ჯონსი.
მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და World Boxing Promotion-ის ორგანიზებით ჩატარდა.
უცხოელ მეტოქეებს დაუპირისპირდნენ ქართველი პროფესიონალი მოკრივეები – ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი.
მთავარი ორთაბრძოლა გაიმართა მსოფლიო სარეიტინგო შეხვედრების დასრულების შემდეგ. ირაკლი მელიქიშვილმა IBA-ს მსოფლიო ქამარი მოიპოვა. მისი მეტოქე ირანელი მეჰდი სარბაზი იყო, რომელმაც ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა 10-რაუნდიან დაპირისპირებაში ქართველმა მოკრივემ მას ქულებით აჯობა.