ირაკლი ლექვთაძე „დილაში“ ტრანსფერზე - ამბიციური გუნდია და ჩემთვის ეს ინტერესი სასიამოვნო იყო
ირაკლი ლექვთაძე „დილაში“ ტრანსფერზე - ამბიციური გუნდია და ჩემთვის ეს ინტერესი სასიამოვნო იყო

ირაკლი ლექვთაძე გორის „დილას“ ფეხბურთელი გახდა. საჩხერეს „ჩიხურადან“ გადასულმა 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„უკვე გუნდის სავარჯიშო პროცესში ჩავერთე და შემიძლია ვთქვა, რომ აქ არსებული გარემოთი კმაყოფილი ვარ. როგორც მოთამაშეები, ასევე სამწვრთნელო შტაბი ძალიან გულთბილად დამხვდა, ბევრთან აქამდეც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, რაც საერთო ენის გამონახვას გაგვიადვილებს. ვესაუბრე მწვრთნელებს და მითხრეს, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ, მეც ჩემის მხრივ მაქსიმალურად ვეცდები ეს იმედები გავამართლო“, – ამბობს ირაკლი ლექვთაძე.

28 წლის შემტევმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც არჩევანი „დილაზე“ შეაჩერა: „ამ გუნდს ამბიციები აქვს და ჩემთვის ასეთი გუნდის ინტერესი სასიამოვნო იყო. როდესაც ასეთ შემოთავაზებას იღებ, ბევრი აღარ უნდა იფიქრო. გორში აქამდეც მითამაშია. მაშინ ექვსთვიანი იჯარით „დინამოდან“ გადმოვედი, როდესაც კლუბში საქართველოს ნაკრების წევრები იყვენენ და შედეგებიდან გამომდინარე, კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი იყო. სწორედ აქ მოვიპოვე პირველად საქართველოს თასი, შემდეგ იყო ევროტურნირები. თუმცა იჯარა დასრულდა და კლუბიდან წასვლა მომიხდა. შევეცდები გუნდს ტიტულებისა და ამ სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო“.

იგი ამბობს, რომ ახლა კონდიციების აღდგენას ცდილობს: „პანდემიამ მეც შემაჩერა. ფორმის შენარჩუნებას ვცდილობდი და რაღაც დოზით ეს მოვახერხე, თუმცა ეს სრულფასოვნად ვერ შევძელი. ჩემპიონატის სტარტამდე ცოტა დრო გვაქვს და ყველა ღონეს ვხმარობ, ოპტიმალურ ფორმაში რომ შევიდე“.