ირაკლი კობახიძე - სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე
ირაკლი კობახიძე - სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე

სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გამონათქვამის შეფასებისა.

კობახიძის თქმით, სერგი კაპანაძის განცხადება არის ძალიან მძიმე.

„ეს განცხადება იყო ძალიან მძიმე, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი და შემდეგ ამას უპასუხა რუსულმა მხარემ. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს თავის დროზე სერგი კაპანაძემ და მისმა თანაპარტიელებმა „ნაციონალებმა“. ზოგადად, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელსაც პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა პატიობდნენ, როდესაც შენ რუსეთის ფედერაციას აბარებ ტერიტორიის ოც პროცენტს და მერე ამ ოკუპაციას უფორმებ შენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტით, ეს არის, ალბათ მეთანხმებით, უპატიებელი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ამ პოლიტიკურმა პარტიამ.

სერგი კაპანაძე ყველაფერს კადრულობს, მათ შორის, ყველანაირ უკადრებელს. უკადრებელი იკადრა მან, როდესაც თავის დროზე დაეთანხმა ევროსაბჭოს შესაბამის რეზოლუციას და დღესაც უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში და ა.შ.

ეს ყველაფერი მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთის ფედერაციას, შემდეგ ოკუპაცია გაუფორმა რუსების ფედერაციას და დღემდე არ ეშვება რუსული საქმის კეთებას. სერგი კაპანაძის ეს განცხადებაც იყო მორიგი რუსული საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული“.

„საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, თქვე შტერებო, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ხო, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა. მაგას თქვენი პრეზიდენტი იძახის. კიდევ, თქვენი ბიძინა უფროსი და რუსები. და კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. კერძოდ, მ-85 ბომბები და ისიც სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, მაშინ შეერთებული არ ვიყავით, მერე შევუერთდით. ახლა აქედან თუ რომელიმე პროპაგანდონი დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ, აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან“, – წერს სერგი კაპანაძე „ფეისბუქში“.

დატოვე კომენტარი