ირაკლი კობახიძე - საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირებული განშტოებები ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში
ირაკლი კობახიძე - საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირებული განშტოებები ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში

საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირებული განშტოებები ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი და მეორე განშტოება მსჯელობს, ვინ დაიჭირონ და ვინ არ დაიჭირონ არჩვენების დასრულების შემდეგ, ხელისუფლება იმისთვის მუშაობს, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს არჩევნებში.

„შესაბამისად, აბსოლუტურად ფუჭია ეს მარჩიელობა, რომელსაც მიმართავს, „ნაცმოძრაობის“ როგორც ერთი, ისე მეორე განშტოება. დაპირისპირება რეალურია. მათი ეს დაპირისპირება ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში. მათ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი მენტალიტეტი. აქედან გამომდინარე, როგორც კი მათ ინტერესებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაუახლოვდებიან ერთმანეთს.

ვხედავთ, რომ ისინი ერთად იყვნენ  ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები, ეს არის მათი საერთო მენტალიტეტის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.