ირაკლი კობახიძე - საარჩევნო მოდელი, რომელზეც ვსაუბრობთ, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო მოდელი, რომელზეც ვსაუბრობთ, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო მოდელი, რომელზეც ხელისუფლება ოპოზიციასთან საუბრობს, ბოლომდე დაახლოებულია პროპორციულ სისტემასთან. ამის შესახებ კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან და სისტემასთან დაკავშირებით.

„ეს იდეები ქმნის იმგვარ საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმოდგენას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში. ​რაციონალური დოზით იქნება ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობა. ამ ყველაფრის გარანტიებს შეიცავს ის იდეები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით. ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები კონკრეტული საბაბის ძებნას თუ არ დაიწყებენ, ამ შემთხვევაში, შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა თემა არის აქტუალური.

​„ეს არის ბარიერის საკითხი პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის. ჩვენ შევეხეთ ამ ორ თემას და ასევე, შევეხეთ, როგორ შეიძლება განისაზღვროს ზღვარი გამარჯვებული პარტიისათვის? ეს იყო ის თემები, რომლებიც იყო განხილული. საბოლოო ჯამში, ის იდეები რომლებიც გამოვთქვით დღევანდელ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა პროპორციულის შემთხვევაში ხუთპროცენტიანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ ჩვენ კონკრეტული ციფრებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან. ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. შესაბამისად, დარჩა ის, თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, ამის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.