ირაკლი კობახიძე - როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი
ირაკლი კობახიძე - როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი

როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ გუშინდელი მსჯელობის შეფასებისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც წარვადგინეთ ძალიან საინტერესო კანონპროექტი. ამ კანონპროექტს აქვს ზოგადი მხარდაჭერა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისგან. მხარეებს რამდენიმეეტაპიანი პროცედურა შევთავაზეთ, რომელიც არის ღია, გამჭირვალე, საკუთარი სტრუქტურის მქონე, გაგრძელდება მინიმუმ ორი თვე და ეს ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება ძალიან ხარისხიანი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. იყო სამი ძირითადი მოსაზრება და მათზე გრძელდება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე გააკრიტიკა.

„არასამთავრობოების ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა გუშინ შეხვედრას, ეს არის „კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, ბატონი გიორგი მშვენიერაძე. ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ამ ადამიანის და ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი ამ შემთხვევაშიც იბრძვიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამდინარე. ვიდრე ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე გააკეთებდა განცხადებას, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას და მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში.

ეს ბუნებრივია, არის პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც სჩადიოდა იმ დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინა იმ ძალამ, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გუშინ სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელზეც მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, არასამთავრობო სექტორის არგუმენტაციები ირაკლი კობახიძემ არ გაიზიარა.