ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიურ პროცესს შევთავაზებთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიურ პროცესს შევთავაზებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიურ პროცესს შესთავაზებენ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა 12 პუნქტის ნაწილი არ არის.

„სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა 90 ხმა და კონსტიტუციის მიხედვით, ამ საკითხზე საჭიროა მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისი პროცესი დაგვჭირდება. ოპოზიციას კანდიდატურის შერჩევის ინკლუზიურ პროცესს შევთავაზებთ. ეს ასე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ისეთი კანდიდატები უნდა შევარჩიოთ, რომლებიც თანაბრად მისაღები იქმნებიან, როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ და ოპოზიციამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად დადგენილია კვალიფიციური უმრავლესობა. ორ შემთხვევაში ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა და ხმები 76-ზე გამოვიდა. ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა 12 პუნქტის ნაწილი არ არის; ვეცდებით ფართო კონსენსუსის მიღწევას, მაგრამ თუ არ გამოვა, მათი არჩევა ისევ 76 ხმით მოგვიწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.