ირაკლი კობახიძე - ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა, რომ მთაწმინდაზე პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა
ირაკლი კობახიძე - ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა, რომ მთაწმინდაზე პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა

ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა, რომ მთაწმინდაზე პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას. მისი თქმით, ამომრჩევლის ნაკლებად აქტიურობის ტავის მიზეზები აქვს.

„არჩევნების დღის განმავლობაში და მანამდეც ვიმეორებდით, თუ იქნებოდა მაღალი აქტივობა, ჩვენი კანდიდატები აუცილებლად პირველსავე ტურში გაიმარჯვებდნენ და თქვენ ნახეთ, რომ სადაც იყო მაღალი აქტივობა, ყველგან პირველი ტურში გაიმარჯვეს ჩვენმა კანდიდატებმა. ასეთი იყო აქტივობა ხუთივე ოლქში, დაფიქსირდა ზრდა აქტივობის კუთხით ხუთივე ოლქში და შესაბამისად, ჩვენ მოვახერხეთ ყველგან პირველ ტურში არჩევნების მოგება. გამონაკლისი იყო მხოლოდ მთაწმინდის ოლქი, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. იგივე, მერის არჩევნები არის გაცილებით უფრო აქტუალური არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის, შუალედურ არჩევნებთან შედარებით. როცა ირჩევ მერს, მერი არის, ბუნებრივია, პირველი პირი შესაბამის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ბუნებრივად უფრო მაღალი.

რაც შეეხება მაჟორიტარს, 150-დან ერთ დეპუტატზეა მაინც საუბარი და ვიცით, რომ უმრავლესობის კუთხით ეს არსებითად არ ცვლის არაფერს. აქედან გამომდინარე, თბილისში ნაკლებად იყო აქტიური ამომრჩეველი. ეს იყო მიზეზი და სწორედ ამ ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა. თუმცა, ვინც ერკვევა საარჩევნო სპეციფიკაში და ვისაც შეუძლია, სიღრმისეულად გააანალიზოს შედეგი, რომელიც დაიდო მთაწმინდის ოლქში, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტურში ჩვენ არ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება. ჩვენც ანალიზი გაკეთებული გვაქვს და ვართ თავდაჯერებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქაც არის დამოკიდებული ყველაფერი საზოგადოებაზე, მთაწმინდის მოსახლეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტურში სრული მობილიზაცია იქნება საჭირო.

„ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ლადო კახაძე იქნება გამარჯვებული, თუმცა აქაც გვჭირდება სრული მობილიზაცია და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.​ შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.