ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება

დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, არც ფორმალური, არც არაფორმალური, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თემის კომენტირებისას.

კობახიძის შეფასებით, მათ მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ხელს თუ არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ. მათ შორის, ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებას უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ა.შ.

რაც შეეხება რეგლამენტით განსაზღვრულ წესებს და პრივილეგიებს, ბუნებრივია, ყველაზე გავრცელდება, ეს არის რეგლამენტი, მაგრამ, რაც შეეხება დამატებით ფორმატებს, იქ მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოეწერება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.