ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, წავიდეთ პარტიების დაფინანსების გაჯანსაღებაზე, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ვაძლიერებთ
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, წავიდეთ პარტიების დაფინანსების გაჯანსაღებაზე, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ვაძლიერებთ

პარტიების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი ყველაზე მომგებიანი მმართველი პარტიისთვის არის, ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ დაფინანსების სისტემის გაჯანსაღებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების არსებული კანონმდებლობა წინა ხელისუფლების დროს არის შემუშავებული, რაც მაშინ აწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლაც მომგებიანია „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან. მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. დღევანდელი კანონი ყველაზე მომგებიანი მმართველი პარტიისთვის არის. თავის დროზე ეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონია, რომელიც მაშინ მორგებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე. მაშინ ხელისუფლებას აწყობდა და დღესაც აწყობს, რომ ჰქონდეს პოლიტიკური ფული, არა რეალურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს დაფინანსება, არამედ ჯიბის ფული ჰქონდეს ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებული მოდელის გაჯანსაღების შემთხვევაში, რეალური პოლიტიკური პარტიები ბევრად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღეს აქვთ, რაც მმართველი გუნდისთვის ოპონენტების გაძლიერებას ნიშნავს.

„ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ გაჯანსაღებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალური პოლიტიკური პარტიები ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ბევრად მეტ ფულს, ვიდრე ისინი იღებენ დღეს. ანუ შეიძლება დაფინანსების კონცენტრირება მოხდეს რეალურ პოლიტიკურ პარტიებზე, რაც ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლიერებთ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, თუმცა ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთკაციანი პარტიების მხრიდან. თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია, წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსენსუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მეტად მომგებიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის აზრით, პარტიების დაფინანსების ფორმულა უნდა გამარტივდეს.

„უამრავი ელემენტია ჩადებული ფორმულაში, რომელიც სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე არის გათვალისწინებული კანონში. მაგალითად, ფრაქციების კომპონენტი. თავის დროზე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იყო რამდენიმე პარტია, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ ჰქონდათ საერთო ინტერესი, რომ გაეზარდათ საკუთარი დაფინანსება და შესაბამისად, დაემატა 300 000-იანი ფრაქციული კომპონენტი პარტიების დაფინანსებას, რაც არის მახინჯი ელემენტი პარტიების დაფინანსებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.