ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ოპოზიციას, უხეში ფორმით ნუ დაარღვევს შეთანხმებას
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ოპოზიციას, უხეში ფორმით ნუ დაარღვევს შეთანხმებას

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს თუკი დასრულდება და არ გაგრძელდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლად ვასწრებთ ამ პაკეტის მიღებას ივნისის ბოლომდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„შესაბამისად, სათანადო დროს დასრულდება პაკეტის მიღება და უკვე ივლისიდან ჩვენ გადავალთ სრულფასოვან საარჩევნო რეჟიმზე, საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ერთობლივ წერილზე საერთაშორისო საზოგადოებისადმი და საკითხზე, გარკვეულწილად, დაირღვა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული შეთანხმება.

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ორივე შეთანხმების თითოეულ პუნქტს და აქეთ გვინდა, მოვუწოდოთ ოპოზიციას, ოპოზიციამაც უნდა შეასრულოს ამ ორივე შეთანხმების თითოეული პუნქტი.

რაც შეეხება არასათანადო პოლიტიზებას, რაც იყო აღნიშნული მეორე შეთანხმებაში, სწორედ მათი მხრიდან ხდება სისხლის სამართლის საქმეების არასათანადო პოლიტიზება. იგივე თუნდაც ოქრუაშვილის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ცხრა თვის წინ ჩაიდინა მან ძალიან მძიმე დანაშაული. ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ეს იყო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით ასევე არსებობს ვიდეომტკიცებულებები და აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი ნათელი და სათანადო ვადებში და სათანადო ფორმით იყო შეფარდებული შესაბამისი სისხლის სამართლებრივი სანქცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ვსაუბრობთ არასათანადო პოლიტიზებაზე, სწორედ ოპოზიცია ახდენს ამ საქმის არასათანადო პოლიტიზებას და ეს არის სწორედ მეორე შეთანხმების მკაფიო დარღვევა. აქედან გამომდინარე, მე მინდა, ოპოზიციას მოვუწოდო, ნუ დაარღვევს შეთანხმებას ასეთი უხეში ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.