ირაკლი კობახიძე - მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ეს არის გარანტი, რომ საქართველოში იქნება განვითარების სამი წელიწადი
ირაკლი კობახიძე - მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ეს არის გარანტი, რომ საქართველოში იქნება განვითარების სამი წელიწადი

მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ეს არის გარანტი, რომ საქართველოში იქნება განვითარების სამი წელიწადი, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა.

„9 წლის თავზე, როგორც იქნა, აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში, დღეს სასჯელს დამსახურებულად იხდის საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში. შეგახსენებთ ამ დანაშაულთა მხოლოდ მცირე და ზოგად ჩამონათვალს. ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა, როგორც ციხეებში, ასევე ციხეებს გარეთ. ეს იყო სწორედ მისი რეჟიმის დანაშაული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა, გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და ა.შ. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ესეც არის მისი დანაშაულები. ეს იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იყო ტელევიზიების მონოპოლიზაცია, სრული მიტაცება მედიასაშუალებების. ეს იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი. ათასობით ადამიანს აჩუქებინეს მარტო სახელმწიფოზე ქონება და ა.შ.

და ბოლოს, ერთ-ერთი მთავარი თუ არა, უმთავრესი დანაშაული ამ ადამიანის და მისი რეჟიმის, ეს იყო ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. დღეს ამ დანაშაულების ჩამდენი ადამიანი, პათოლოგიური პოლიტიკოსი ადამიანი არის ციხეში, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, სამართლიან კანონის აღსრულებას. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ შემდეგი სამი წელი იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების სამი წელიწადი. აქედან გამომდინარე, გილოცავთ კიდევ ერთხელ ორი ოქტომბრის გამარჯვებას, რაც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.