ირაკლი კობახიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

მოსამართლეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და ბუნებრივია, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ეს პროცედურაც პოლიტიკური პროცედურაა. როდესაც კონსტიტუციის დონეზე დადგენილია, რომ ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე ორგანოს კანდიდატებს წარუდგენს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება, ეს არის წმინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით მისაღები გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. აქ აწონ-დაწონვა უნდა მოვახდინოთ. ეს ხშირად იოლი არჩევანი არ არის. გასაკეთებელია პრაგმატული არჩევანი და მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანის უფლებების დაცვაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ განცხადებით, ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არის კრიტერიუმები ის ინსტრუმენტი, რომელმაც შესაძლოა, მორალური პრობლემა გადაჭრას და რამდენად შეიძლება, კრიტერიუმებმა მოაგვაროს ის საკითხი, რაც პოლიტიკით უნდა წყდებოდეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთი პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ და ამ ქვეყნებმა ის სხვადასხვაგვარად გადაწყვიტეს, საქართველოს შემთხვევაში კი, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.

„თავის დროზე, 2012-2013 წლებში, გარკვეულ პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ზღვარის გავლება მოგვიწია. იმ სისტემის ყველა ძირითადი შემოქმედი დღეს ან სასჯელს იხდის, ან სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ქვეყნის გარეთ არის გასული. სისტემის შემქმნელებთან პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს, რადგან მათ დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, ხოლო რაც შეეხება ქვედა დონეს, პრობლემები იყო არა მარტო სასამართლო სისტემაში. იგივე მდგომარეობა იყო ნებისმიერ სამართალდამცავ და არა მარტო სამართალდამცავ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სისტემა აბსოლუტურად პოლიტიზებული იყო და მთელი ეს სისტემა, რასაც საჯარო სამსახური და არა მარტო საჯარო სამსახური ჰქვია, ემსახურებოდა ისეთ რეჟიმს, რომლის მთავარი ხელწერა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო და შესაბამისად, პასუხისმგებლობის წილი აქვს ძალიან ბევრ, ათიათასობით ადამიანს. შესაძლოა, ასიათასობით ადამიანსაც, მაგრამ სადღაც ზღვარის გავლება უნდა მოხდეს.

„გახსოვთ, რომ თუნდაც, ასიათასობით ადამიანი ხმას აძლევდა იმ რეჟიმს, რომელიც ყველამ ვიცოდით, რომ დანაშაულის ჩამდენი იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობის წილი აქვს ძალიან ბევრ, ასიათასობით ადამიანს. თუმცა, სადღაც ზღვარი უნდა გავავლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ იგივე ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, ზღვარის გავლება დაახლოებით იგივე პრინციპით მოხდა.

„ანუ, პოლიტიკურ დონეზე პასუხისმგებლობა დადგა. ასევე, გარკვეულწილად – ქვედა დონეზე, ოღონდ, ინდივიდუალური მიდგომით. რაც შეეხება ზოგადად, ქვედა დონეს, მოხელეების დონეს, მოსამართლეების დონეს, იქ პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი, არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი – მოსამართლე იქნებოდა ის თუ მოხელე, უმძიმეს სისტემას ემსახურებოდა – კიდევ უფრო მძიმე სისტემას, ვიდრე ნაცმოძრაობის რეჟიმი იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.