ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმას სპიკერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმას სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის სეიმას სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ​ლიეტუვის სეიმას სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა.

მხარეებმა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ვიქტორას პრანცკიეტისმა ქართველ კოლეგას ლიეტუვის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობასა და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ნინფორმაციით, ​​სეიმას სპიკერმა დაგმო რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მადლობა გადაუხადა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სეიმას მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

საუბარი, ასევე, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირების მნიშვნელობას შეეხო. მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს 2019 წლის აპრილიდან თბილისსა და ვილნიუსს შორის პირდაპირი ავიაფრენების დანიშვნა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, სეიმას სპიკერმა ირაკლი კობახიძე ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია.

„ვისაუბრეთ ორმხრივ, ძალიან აქტიურ თანამშრომლობაზე, რითაც ლიეტუვა და საქართველო მართლაც გამოირჩევიან. ასევე, საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ლიეტუვის მხარდაჭერის შესახებ. განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები, თანამშრომლობის ყველა ის მიმართულება, რაც ლიეტუვის და საქართველოს უკვე წლების მანძილზე, წარმატებით აკავშირებთ და ვახორციელებთ იმ პროექტებს, რაც ამ თანამშრომლობას კიდე უფრო აღრმავებს.

სპიკერმა კიდევ ერთხელ გადმოგვცა ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა. დალია გრიბაუსკაიტე იყო  პირველი, რომელმაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე,  უახლოეს მომავალში, ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.