ირაკლი კობახიძე - კარგად დააკვირდით პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის საქმიანობას, მადლობის სიტყვები უთხარით საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ
ირაკლი კობახიძე - კარგად დააკვირდით პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის საქმიანობას, მადლობის სიტყვები უთხარით საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ

დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, და იქნება პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება გააცნო და შალვა პაპუაშვილს საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, რომელიც რთულ დროს გამორჩეულად, სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი და მადლობის სიტყვა მოვისმინეთ არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც. მახსოვს მისი არჩევის დროს არა მარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი კახა კუჭავას მიმართ და დღეს, ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა.

მოგიწოდებთ, რომ კარგად დააკვირდეთ მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ.

დარწმუნებული ვარ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.