ირაკლი კობახიძე - გიგი უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე
ირაკლი კობახიძე - გიგი უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე

თითოეული საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, როგორც ეს სამართლებრივი სახელმწიფოში ხდება. უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ შეწყალებასთან, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია. კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანის ხელშია გათავისუფლება.

„პროკურატურა აღიარებას ითხოვს. თუ აღიარება იქნება, ამ შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ იქნება გათავისუფლების თვალსაზრისით. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა გავყვეთ და გადაწყვეტილება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.

შეთანხმებაში ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული რაღაც წერია – უნდა გამოირიცხოს რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა ნებისმიერ დამოუკიდებელ ორგანოზე. თუ ვინმე პროკურატურას ეტყვის, რომ არაღიარებაზე თვალი დახუჭოს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება პროკურატურის პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევა, რასაც ის შეთანხმება გამორიცხავს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​მისივე თქმით, ორი შეთანხმება გაფორმდა – ერთი საარჩევნო სისტემას ეხებოდა, სადაც ყველაფერი დეტალების დონეზე არის შეთანხმებული.

„ყველა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ ამ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება. მეორე არის დამოუკიდებელი შეთანხმება, სადაც წერია, რომ არავინ უნდა მოახდინოს პოლიტიკური გავლენა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზე. ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე მთლიანად ვიღებთ, რაც ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გახდება საბაბი რაიმე მანიპულაცია იმისთვის, რომ ცვლილებებს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭიროს.

უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე. მას ვერც მითითებას, ვერც რეკომენდაციას ვერ მივცემთ, რომელიც უმაღლესი დამოუკიდებელი ორგანოა. იმედი მაქვს, ყველა მხარე პასუხისმგებლობით, სათანადოდ მოეკიდება შეთანხმებას, რომელიც ელჩების თანდასწრებით გავაფორმეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.