ირაკლი კობახიძე - ენდიაის მიხედვით ჩვენი რეიტინგი გაამრავლეთ ორზე, ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც აჩვენებს არჩევნები
ირაკლი კობახიძე - ენდიაის მიხედვით ჩვენი რეიტინგი გაამრავლეთ ორზე, ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც აჩვენებს არჩევნები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევებში ცდომილებაა. კობახიძის თქმით, ეს არის ის კვლევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში.

„დღეს რამდენჯერმე მომიწია კომენტარის გაკეთება ამ კვლევასთან დაკავშირებით. სიღრმეში შესვლას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ არ აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ელემენტარული ცდომილებები ამ კვლევაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი მეთოდოლოგიური შეცდომით და ხარვეზით ასეთ ცდომილებას ვერ მიიღებ. უბრალოდ, მარტივად არის ტყუილი ჩადებული ამ კვლევაში სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ამ თემის გაშლაც არ არის საჭირო. ჩვენ ვნახეთ, მანამდე „რუსთავი 2“-მა გამოქვეყნა „იპსოს“ (Ipsos) კვლევა. „იპსოს“ არის ძალიან ცნობილი ფრანგული კომპანია. როდესაც მოხდა ჩაძიება, უარყო ფრანგულმა კომპანიამ ის, რომ მან ჩაატარა კვლევა და საბოლოო ჯამში  აღმოჩნდა, რომ ე.წ. „იპსოსის“ რუსეთი- უკრაინის კომპანიამ ჩაატარა ეს კვლევა, რომლის ხელმძღვანელიც არის რუსი ვინმე შულკინი. რეალურად, ასე ხდება. ხშირად მანიპულირება. „სიარარსის“ (CRRC) წარსულიც და აწმყოც ყველამ კარგად იცის, ვისთან არის დაკავშირებული პოლიტიკურად ეს ორგანიზაცია.

აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ ინტერესს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იწვევს ასეთი სოციოლოგიური კვლევები. ერთადერთი, რაც არის სამწუხარო ამ ყველაფერში, არის ის, რომ ეს კვლევები, ამ შემთხვევაში „სიარარსის“ კვლევა იდება „ენდიაის“ (NDI) სახელით. „ენდიაი“ არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, ამერიკული ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა. ვგულისხმობ „ენდიაის“ ცენტრალურ ოფისს. გვაქვს მჭიდრო კავშირი ამ ოფისთან და ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა. ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ისევე, როგორც, ზოგადად, ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და სამწუხაროდ, ეს არის ის კვლევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში. ეს არის ერთადერთი სამწუხარო მოვლენა. დანარჩენი, საზოგადოებაც მიეჩვია უკვე ამ კვლევებს და ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც „ენდიაი“ ატარებს რაღაცას, უნდა გაამრავლო ორჯერ არა, სამჯერ, ან გაყო ორზე ან სამზე და საბოლოო ჯამში ასე უნდა გამოიცნო არჩევნების შედეგი თუ რაიმე სხვა რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი აჩვენებს, რომ „ენდიაი“ აბსოლუტურად ყველაფერს აცდენილია.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ დეტალზე ჩაღრმავება არ არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ზოგადი ცდომილება. იგივე, არჩევნების შედეგი რომ ავიღოთ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 61%, ორჯერ ნაკლები აიღო „ნაცმოძრაობამ“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ ამ არჩევნებში, თუმცა „ენდიაის“ კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ თავისი ორი განშტოებით თანაბარი რეიტინგი. ანუ, უკვე ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს „ენდიაი“. როცა ვსაუბრობდი გამრავლებასა და გაყოფაზე, ამ შემთხვევაში გაამრავლეთ ჩვენი რეიტინგი ორზე და ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც აჩვენებს არჩევნები და არჩევნები არის მთავარი სოციოლოგიური კვლევა საქართველოში.

ერთი და იგივე მესიჯი იყო აბსოლუტურად გაჟღერებული „რუსთავი 2“-ს და „სიარარსის“ კვლევაში. ორივეს მესიჯი იყო ის, რომ სააკაშვილი არის უფრო პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ღიმილის მომგვრელი და კომიკურია. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერება უნდოდა „ნაცმოძრაობას“ თავისი ორი განშტოების სახით. საზოგადოების გადასაწყვეტია, მეათე ტყუილს უნდა დაუჯეროს თუ არა. წინა ცხრა შემთხვევაში ტყუილს არ დაუჯერეს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არც ამ მეათე ტყუილს დაუჯერებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.​