ირაკლი კობახიძე - დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია ალბათობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდეს
ირაკლი კობახიძე - დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია ალბათობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სწორია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს.

კობახიძის თქმით, დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია ალბათობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდეს.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობის ლიდერმა გიამ ვოლსკიმ. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს ათ საათზე შევიკრიბეთ და თერთმეტამდე უნდა დაგვესრულებინა, გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები გადაწყვეტილების სისწორეში. მგონია, რომ ეს არის შესაძლებელი. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მიიღება სწორი გადაწყვეტილება.

დღეს განხილვაში ვერ შევედით, გვქონდა სულ ერთი საათი დრო. ფაქტის წინაშე დავდექით, ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. შესაბამისად, რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ცვლილებების ჩაგდების პირობას. დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩავარდეს საკითხი. დეპუტატები სვამენ კითხვებს და ჩვენ ვალდებული ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ჩვენი გუნდის წევრები არიან. ყველა ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი და პასუხების შესაბამისად, ხვალ უკვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.