ირაკლი კობახიძე - ჩვენი ფეხბურთის წინსვლა განსაკუთრებულად გვახარებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ფეხბურთის წინსვლა განსაკუთრებულად გვახარებს

„გვიხარია, რომ ახალი საფეხბურთო კომპლექსი ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლის ფონზე იხსნება, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რუსთავში ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო კომპლექსისა და აკადემიის გახსნაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს დღე დასტურია იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის და ფეხბურთის განვითარების ტენდენციაზეც ილაპარაკა – „ფეხბურთი ის სპორტის სახეობაა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს. ამიტომ, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც ჩვენი ფეხბურთი განიცდის. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში სულსა და გულს დებს. დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ყველაფერი კეთდება.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა: „ლევანი სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ არა სიყვარული ამ საქმის მიმართ, ეს ყველაფერი ასეთი ხარისხითა და სახით ვერ გაკეთდებოდა. მადლობა თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც ჩართულია ამ, ნამდვილად საშვილიშვილო საქმეში. მინდა, მივესალმო ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ ვარჯიშობენ და ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება ვუსურვო.“