ირაკლი კობახიძე - არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს წარსულში დაბრუნება
ირაკლი კობახიძე - არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს წარსულში დაბრუნება

მინდა, ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ის გამარჯვება, რომელიც ვიზეიმეთ ორ ოქტომბერს, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

„ხაზს ვუსვამ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგანაც ეს არ იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება. როგორც პარტიას, გვერგო გამარჯვება ამ არჩევნებში, მაგრამ ეს იყო საერთო გამარჯვება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მე ამისი ღრმად მწამს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ორ ოქტომბერს გაიმარჯვა საქართველოში დემოკრატიამ, გაიმარჯვა ქვეყნის განვითარებამ, მშვიდობამ და სტაბილურობამ ამ ქვეყანაში, რაც არის სწორედ თითოეული მოქალაქის გამარჯვება.

ამ არჩევნებმა აჩვენა რამდენიმე რამ. პირველი, აჩვენა ის, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება, რომელსაც არ სურს ძალადობა, რომელმაც უარი უთხრა სიცრუეს და ამ საზოგადოებას სურს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება. ეს არის ქართული საზოგადოების, ჩვენი ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოების არჩევანი. მეორე – „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებით კიდევ უფრო მეტად გაიმყარა თავისი დემოკრატიული მანდატი. ამ არჩევნებში მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების 47 პროცენტი, ანუ გავიმეორეთ ის შედეგი, რომელიც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ გაიმარჯვა საერთო ეროვნულ არჩევნებში, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოებისგან ჩვენს პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი დემოკრატიული მანდატი არის შესაბამისად ძალიან ძლიერი. მესამე, რა აჩვენა ამ არჩევნებმა. აჩვენა ის, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენ არა, გამოუცხადა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით ასევე რამდენიმე სხვა ოპოზიციურმა პარტიამ, იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ამ არჩევნებით დადასტურდა ის, რომ წინა არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული და არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს გაყალბებაზე საუბრისათვის. გაყალბებაზე საუბარი შეიძლება, მხოლოდ მაგალითად PVT-ის ჭრილში ან იმ რიტორიკის ჭრილში, რომელიც ჰქონდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები იყო სუფთად ჩატარებული, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.