ირაკლი ხვედელიანი - ბენინის კლუბმა „ლოკომოტივთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
ბოლო პერიოდში თბილისის „ლოკომოტივში“ ბევრი სიახლეა. ძირითად გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი შედგა. მემორანდუმი გაფორმდა ზამბიურ კლუბ „კაფუე სელტიკთან“ და თანამშრომლობა მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ „ლოკომოტივთან“ თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოთქვა კიდევ ერთი აფრიკული ქვეყნის, ბენინის საფეხბურთო კლუბმაც. ამ თემებთან დაკავშირებით „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ხვედელიანმა ისაუბრა.
„თბილისის „ლოკომოტივი“ იმ კლუბებს შორისაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობით გამოირჩევა და მათ მაქსიმალურად აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენ ეროვნულ ლიგა 2-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდით ვართ წარმოდგენილნი.
მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში არაერთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. პირველი შეხვედრა ჩაატარა იოანე ტაბატაძემ, რომელიც 10 წლიდან „ლოკომოტივის“ მაისურს ატარებს. პროფესიულ დონეზე სადებიუტო მატჩები ჰქონდათ: შალვა ვიბლიანს, დათო ბუკიას, თორნიკე მოლაშვილს, ნიკოლოზ ნინიძეს, დავით გაბისონიას, ალექსანდრე თურქიას და ასევე ზამბიელ ლეგიონერებს – ფრენკ ჩილეშესა და ბონეფანსეო ფირის.
გვსურს, რომ „ლოკომოტივი“ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასოცირდებოდეს ნათელ და წარმატებულ მომავალთან, ამის შესანიშნავი დადასტურება გვაქვს ახლო წარსულიდანაც. რად ღირს თუნდაც გიორგი მამარდაშვილის, ზურიკო დავითაშვილის, კიდევ უფრო ადრე გიორგი არაბიძის, ლევან ყენიასა და სხვათა მაგალითები.
გასულ წელს ზამბიის საფეხბურთო კლუბ „კაფუე სელტიკთან“ სამწლიანი მემორანდუმი გავაფორმეთ. პროექტის ფარგლებში კლუბებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს. წელს „კაფუე სელტიკი“ საქართველოში იმყოფებოდა, გამართა საკონტროლო თამაშები ეროვნული ლიგის კლუბების – „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ წინააღმდეგ. ამხანაგური თამაში შედგა „ლოკომოტივსა“ და „კაფუე სელტიკს“ შორის. ზამბიურ კლუბთან თანამშრომლობა ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა და პრივილეგიაა, რათა კიდევ უფრო მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ ითამაშოს „ლოკომოტივში“ როგორც საქართველოდან, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედან.
„კაფუე სელტიკთან“ მოქმედმა მემორანდუმს ბევრ აფრიკულ ქვეყანაში რეზონანსი ჰქონდა. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა აფრიკის კონტინენტიდან კიდევ ერთმა კლუბმა, ბენინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელმა, ASVO-მ. ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩების გამო გამოწვეული პაუზის დროს კლუბის მიწვევით ბენინში ვიმყოფებოდი, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მქონდა კლუბის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან, სამწვრთნელო შტაბთან და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ.
დაახლოებით 10 დღის მანძილზე გავეცანი კლუბის სტრუქტურას, მათი მუშაობის სპეციფიკას, დავესწარი ძირითადი და ასაკობრივი გუნდების ვარჯიშებსა და თამაშებს. ასევე მქონდა შესაძლებლობა, ბენინის ეროვნული ნაკრების კემპზე მივსულიყავი და გამეცნო ეროვნული ნაკრების გერმანელი სპეციალისტი – გერნოტ რორი, ამავე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე – სტეფან სესენიონი. პირადად გავიცანი ASVO-ს მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრეში იყვნენ გამოძახებულნი.
ჩვენსა და ASVO-ს შორის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები შედგა. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ, „კაფუე სელტიკის“ მსგავსად, პარტნიორული ურთიერთობები ჩამოვიყალიბოთ სხვა ქვეყნის კლუბებთანაც“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.