ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შავი ზღვის უსაფრთხოების როლი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომისიის სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.