ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. სხდომაზე იმსჯელეს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულების ვადებზე. აღინიშნა, რომ პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.