ირაკლი ღარიბაშვილი - რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი, ოქრუაშვილი კი, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს
ირაკლი ღარიბაშვილი - რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი, ოქრუაშვილი კი, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მეგობრების მხრიდან დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა სასიამოვნო არ არის. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა.

„რა თქმა უნდა, სასურველი და სასიამოვნო არ არის, როდესაც დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო კრიტიკაც ისმის ჩვენი მეგობრების მხრიდან. თუმცა, ჩვენს სახელმწიფოს აქვს სტრატეგიული დონის, უმაღლესი დონის ურთიერთობა და პარტნიორობა აშშ-სთან. ჩემს უწყებაზე ვისაუბრებ, როცა მე ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი, განვაახლეთ სამწლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი და ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე.

ის, რომ რამდენიმე კონგრესმენსა თუ სენატორს შესაძლოა, ჰქონდეს ესა თუ ის შეკითხვა, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და ნორმალური პროცესია. ვფიქრობ, ეს საჭიროებს მეტ კომუნიკაციას ჩვენი მხრიდან, ალბათ საჭიროებს კომუნიკაციის ხარისხის გადახედვას, რაც ჩვენს გუნდს აქვს“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მოხსენიებას არ ეთანხმება.

„რომელია პოლიტპატიმარი, განვიხილოთ – ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დროს;

რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. პოლიციამ რა, უკანონოდ დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება;

უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა, ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი