ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ზაზას მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ზაზას მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის

მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია, მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული.

„დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული ყველა დონეზე პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.