ირაკლი ღარიბაშვილი - ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და დღეს პოლიტიკაში არავითარი როლი, სტატუსი არ გააჩნია
ირაკლი ღარიბაშვილი - ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და დღეს პოლიტიკაში არავითარი როლი, სტატუსი არ გააჩნია

ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია.

„არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი – ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჯერ ერთი მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში და პოლიტიკა და პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მეგობრებო. მან დეკლარირებულად, საჯაროდ განმარტებაც გააკეთა და დატოვა პოლიტიკა. ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, გარკვეული ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო, მეგობრებო. ამას სჭირდება დასაბუთება. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა, სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინაში რეალური გამოწვევა არის ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.