ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მრავლად არის ინიციატივები, რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს
ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მრავლად არის ინიციატივები, რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს

გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მრავლად არის ინიციატივები, რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენს ყველა წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვერ დავისვენებთ, ვიდრე ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე.

ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს.

ეს ჩვენი ბედია. ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან.

ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს.

ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი