ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო/ოდირი-ს საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო/ოდირი-ს საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირი-ს საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ალბერტ იონსონს პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ოდირი-ს წვლილი დასაფასებელია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მმართველი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი მათი მანდატის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალბერტ იონსონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილეს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირი-ს დასკვნის თანახმად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება და შედეგი ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შედეგად, 2020 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა მანდატები პარლამენტში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს; ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.

დატოვე კომენტარი